პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს 87 მხარდამჭერი და 1 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
კანონი 2004 წლამდე ჩადენილი გარკვეული ტიპის დანაშაულებისთვის მსჯავრდებულებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ხოლო უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში ეთვლებათ განსხვავებული წესით. ამნისტია არ შეეხება განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების, ყაჩაღობის, გარყვნილი ქმედებისა და სხვა მუხლებს.
ასევე, კანონის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ პატიმრობაში მყოფი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების კომპენსირების მიზნით, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს სასჯელი უმცირდებათ და პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში ეთვლებათ განსხვავებული წესით