რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთისგან მეტი ნავთობის ყიდვა არ არის ინდოეთის ინტერესში – ბაიდენი მოდის

REUTERS/Kevin Lamarque

ამერიკის შეერთებულმა შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ინდოეთის პრემიერმინისტრს, ნარენდრა მოდის უთხრა, რომ რუსეთისგან მეტი ნავთობის ყიდვა ინდოეთის ინტერესებში არ არის. 

"პრეზიდენტმა ნათლად განმარტა, რომ ამის [რუსეთისგან შეძენილი ნავთობის] ზრდა არ წარმოადგენს ინდოეთის ინტერესს". – თქვა თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ. 

მანამდე, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა კითხვა - რუსეთისგან შესყიდული ენერგორესურსების შემცირების შესახებ, თავიდან აირიდა და აღნიშნა, რომ ფოკუსი ინდოეთის ნაცვლად, ევროპაზე უნდა იყოს. მისი თქმით, "ინდოეთის მთლიანი შესყიდვები ერთ თვეში ნაკლებია იმაზე, რასაც ევროპა შუადღისას მოიხმარს". 

Quad-ის (ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის) წევრი ქვეყნებიდან - ინდოეთი, ავსტრალია, აშშ და იაპონია, ინდოეთი ერთადერთია, რომელსაც რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია. ბაიდენმა თქვა, რომ Quad-ის ქვეყნებიდან მხოლოდ ინდოეთია "არამყარი" რუსეთის აგრეესიის წინააღმდეგ. 

დასავლეთის სანქციების შედეგად მიღებული ფასდაკლებით, ინდოეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან მინიმუმ 13 მილიონი ბარელი რუსული ნედლი ნავთობი იყიდა. შესადარებლად, გასულ წელს ინდოეთმა რუსეთისგან მხოლოდ 16 მილიონი ბარელი შეიძინა.

აშშ ინდოეთისგან მეტ მხარდაჭერას ითხოვს - რუსეთის აგრესიის დაგმობასა და ეკონომიკური ზეწოლაში მონაწილეობას. ფსაკის განმარტებით, მნიშვნელოვანია, წავახალისოთ ქვეყნები, რათა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მეტი გაკეთდეს. თეთრი სახლის პრესსპიკერს არ განუმარტავს, გეგმავს თუ არა ინდოეთი იმპორტის შემცირებას. თუმცა, ფსაკის თქმით, აშშ ინდოეთს ენერგორესურსების მიმწოდებელთა დივერსიფიკაციაში დაეხმარება. 

კომენტარები