რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დენისოვა: ხერსონი ეკოკატასტროფის ზღვარზეა, 4 მლნ ქათამი დაიხოცა, ეს ომის დანაშაულია

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ცნობით, ხერსონის ოლქში რუსი ოკუპანტების ქმედებების შედეგად, 4 000 000 ქათამი დაიხოცა. დენისოვას თქმით, ოლქი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. 

"ევროპაში ერთერთ ყველაზე დიდ და თანამედროვე მეფრინველეობის ფერმა ჩერნობაევსკაიაში, რომელიც ხერსონის ოლქში მდებარეობს, უკვე 4 მილიონამდე ქათამი დაიხოცა". – თქვა ლუდმილა დენისოვამ. 

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ დახოცილი ფრინველები უკვე დამარხეს ისე, რომ შეეცადნენ, რომ მიწისქვეშა წყაროები ბაქტერიებისგან გამოწვეული დაავადებებისგან დაეცვათ. დენისოვას თქმით, ოკუპანტების მხრიდან ისეთი ქმედებები, რომელსაც შეიძლება, ფართო, ხანგრძლივი და სერიოზული ზიანი მიაყენოს ბუნებას, ომის დანაშაულად ითვლება. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

კომენტარები