რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: რუსეთში დეფოლტის ობიექტური მიზეზები არ გვაქვს, მხოლოდ ხელოვნური

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს სახელმწიფო ვალის დავალიანების გადახდის რესურსი აქვს, შესაბამისად, ქვეყანა დეფოლტის რისკის წინაშე არ დგას. 

"დეფოლტის ობიექტური მიზეზები არ გვაქვს. ქვეყანაში მხოლოდ ხელოვნური, ადამიანების ჩარევით შექმნილი დეფოლტი შეიძლება არსებობდეს." - ამბობს კრემლის სპიკერი.

დმიტრი პესკოვის განცხადებამდე, კრემლი დასავლეთს "ხელოვნური დეფოლტის" შექმნისთვის სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის თქმით, რუსეთი სამართლებრივ ზომებს მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი სახელმწიფო ვალის გადახდის საშუალებას არ მისცემს.

4 აპრილს, როდესაც რუსეთს $552.4 მილიონის ღირებულების ვალი უნდა გადაეხადა, აშშ-ის მთავრობამ გადაწყვიტა, შეეჩერებინა რუსეთის წვდომა გაყინულ რეზერვებზე ობლიგაციების გადახდის მიზნითაც კი.

ამ ნაბიჯის მიზანი რუსეთის ისტორიული დეფოლტის რისკის წინაშე დაყენებაა. მოსკოვი იძულებულია, არსებული დოლარის რეზერვებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს: გამოიყენებს მათ ვალის გადასახდელად თუ სხვა მიზნებისთვის, მაგალითად, უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დასაფინანსებლად.

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები