რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი დასავლეთს "ხელოვნური დეფოლტის" შექმნისთვის სასამართლოში ჩივილით ემუქრება

რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის თქმით, რუსეთი სამართლებრივ ზომებს მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი სახელმწიფო ვალის გადახდის საშუალებას არ მისცემს. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ ვიჩივლებთ, რადგან რუსეთი კეთილსინდისიერად ცდილობდა ფინანსური ვალდებულებების შესრულებას. დასავლეთს, თავისი მიზანმიმართული პოლიტიკით კი, ქვეყანაში დეფოლტის ხელოვნურად შექმნა სურს. სასამართლოში წარვადგენთ მტკიცებულებებს, რომლებიც ჩვენს ძალისხმევას, გადავიხადოთ როგორც უცხოურ ვალუტაში, ისე რუბლში, ადასტურებენ. ეს არ იქნება მარტივი პროცესი, თუმცა ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ". - ამბობს ანტონ სილუანოვი.

ასევე, დღევანდელი სავალუტო მონაცემებით, რუბლი მასშტაბური გაუფასურების შემდეგ, ომამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. ამჟამად $1 ღირებულება 80,25 რუბლის ტოლია. 

4 აპრილს, როდესაც რუსეთს $552.4 მილიონის ღირებულების ვალი უნდა გადაეხადა, აშშ-ის მთავრობამ გადაწყვიტა, შეეჩერებინა რუსეთის წვდომა გაყინულ რეზერვებზე ობლიგაციების გადახდის მიზნითაც კი.

ამ ნაბიჯის მიზანი რუსეთის ისტორიული დეფოლტის რისკის წინაშე დაყენებაა. მოსკოვი იძულებულია, არსებული დოლარის რეზერვებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს: გამოიყენებს მათ ვალის გადასახდელად თუ სხვა მიზნებისთვის, მაგალითად, უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დასაფინანსებლად.

რუსეთმა, რომელსაც სულ 15 საერთაშორისო ობლიგაცია აქვს, მათი ნომინალური ღირებულება კი დაახლოებით $40 მილიარდია, დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების ფონზეც კი მოახერხა ამ დრომდე საერთაშორისო ვალის გადაუხდელობის თავიდან აცილება. მაგრამ სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ამოცანას ართულებს.

რუსეთს ბოლოს უფლება მიეცა, გადაეხადა 447 მილიონი დოლარის კუპონი 2030 წლის სახელმწიფო დოლარის ობლიგაციებზე. თუ რუსეთი ვერ შეძლებს გადახდას წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, ან გადაიხდის რუბლებში, როდესაც ხელშეკრულებაში მითითებულია დოლარი, ევრო ან სხვა ვალუტა, ეს იქნება დეფოლტი.
 

კომენტარები