რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის 7 წლის ბავშვი

გასული ღამის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის რამდენიმე ქალაქი და დასახლება დაბომბეს. დაზიანდა და განადგურდა არაერთი სახლი, საწყობი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ოკუპანტების იერიშებს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი 7 წლის ბავშვია. 14 პირი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის ოლქის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.

მეხანძრეებმა დაბომბვების შედეგად გაჩენილი არაერთი ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს, ექიმები კი დაჭრილების გადასარჩენად ამ დრომდე იბრძვიან. ხარკოვის მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ თუ შესაძლებელია, სახლები დატოვონ და თავი თავშესაფრებს შეაფარონ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები