რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპი ფრანცისკე: დადეთ იარაღი! დაე, დაიწყოს სააღდგომო ზავი

პაპმა ფრანცისკემ ბზობის კვირის ღვთისმსახურების დასასრულს, წმინდა პეტრეს მოედნიდან 50 000-ზე მეტ ადამიანს 2019 წლის შემდეგ პირველად მიმართა და უკრაინაში მხარეებს სააღდგომო დაზავებისკენ მოუწოდა.

"დადეთ იარაღი! დაე, დაიწყოს სააღდგომო ზავი. მაგრამ არა ძალების აღდგენისა და ხელახლა შეარაღებისთვის, არამედ ეს იყოს დაზავება, რომლითაც მიიღწევა მშვიდობა რეალური მოლაპარაკებების გზით, გარკვეულ მსხვერპლზე წასვლის ფასად, ხალხის სიკეთისთვის". - თქვა პაპმა ფრანცისკემ.

პაპმა ფრანცისკემ რუსეთზე აშკარა მინიშნებით, ეჭვქვეშ დააყენა ომში გამარჯვებულის მნიშვნელობა.
 
"სინამდვილეში, როგორი გამარჯვებული იქნება ის, ვინც დროშას ნანგრევებზე დადგამს?” - ამბობს იგი.

Reuters-ი იუწყება, რომ პაპი ფრანცისკეს სიტყვის შემდეგ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებმა სოლიდარობის მიზნით ზეთისხილის ტოტების წვერზე უკრაინის პატარა დროშები დაამაგრეს.

აქამდე, პაპმა ფრანცისკემ მალტაში ვიზიტის დროს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. თავის სიტყვაში პაპმა გააკრიტიკა ვლადიმირ პუტინი, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი პირდაპირ არ დაუსახელებია.

"ევროპის აღმოსავლეთიდან, აისის ქვეყნიდან ახლა ომის ბნელი ჩრდილი გავრცელდა. ვფიქრობდით, რომ სხვა ქვეყნებში შეჭრა, ქუჩის სასტიკი ბრძოლა და ატომური იარაღით მუქარა შორეული წარსულის საშინელი მოგონებებიღა იყო. თუმცა ომის ყინულოვანმა ქარმა, რომელიც თავის გზაზე მხოლოდ სიკვდილს, ნგრევას და სიძულვილს ტოვებს, ძლიერად დაქროლა ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე და ყველას შეგვეხო.

კონფლიქტებს ისევ ვიღაც მბრძანებელი იწვევს და აქეზებს, რომელიც, სამწუხაროდ, ნაციონალისტური ინტერესების ანაქრონულ პრეტენზიებშია ჩაკეტილი. მაშინ როცა ჩვეულებრივი ადამიანები ხედავენ საჭიროებას ააშენონ მომავალი, რომელიც ან გაზიარებული იქნება, ან საერთოდ არ იარსებებს. ახლა, კაცობრიობაზე ჩამოწოლილი ომის ღამის დროს მოდით ნუ მივცემთ მშვიდობის იმედს ჩაქრობის საშუალებას." - თქვა პაპმა მალტაში ვიზიტის დროს.

კომენტარები