დმიტრი მურატოვი

რუსეთის პოლიციამ ნობელიანტ ჟურნალისტზე, დმიტრი მურატოვზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა

Radio Liberty

რუსეთის პოლიციამ გამოცემა Новая Газета-ს რედაქტორზე, დმიტრი მურატოვზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. 

დაკავებული 37 წლის რუსეთის მოქალაქე ილია მარკოვეცია. ეჭვმიტანილის თქმით ის "მოღალატეებს ებრძვის". სამართალდამცავები კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ეძებენ.

7 აპრილს მურატოვს მოსკოვიდან სამარაში მიმავალ მატარებელში ზეთის საღებავი შეასხეს. ექიმების თქმით ჟურნალისტმა თვალების დამწვრობა მიიღო, თუმცა დაზარალებულის მხედველობას საფრთხე არ ემუქრება.

"კუპეში აცეტონიანი ზეთის საღებავი შემასხეს. თვალები საშინლად მეწვის. მატარებელი მოსკოვიდან სამარაში მიდიოდა. მთელ ვაგონს ზეთის სუნი აქვს. გამგზავრება უკვე 30 წუთით გადაიდო. ვეცდები, ჩამოვიბანო. მან [თავდამხმელმა] დაიყვირა - მურატოვ, აი, შენ ჩვენი ბიჭებისთვის". - ამბობს მურატოვი. 

მურატოვს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 2021 წლის 8 ოქტომბერს გადაეცა. 22 მარტს მან მედლის გაყიდვა და თანხის უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებელ ფონდში გადარიცხვა გადაწყვიტა

დმიტრი მურატოვი რუსი ჟურნალისტი, რედაქტორი და ტელეწამყვანია. 1995 წლიდან 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა გამოცემა Новая газета-ს. 2004 წლიდან არის დემოკრატიული პარტიის Яблоко-ს წევრი. 2014 წელს აქტიურად აპროტესტებდა რუსეთის შესვლას ყირიმში, 2020 წელს მხარს უჭერდა ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

კომენტარები