რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ფონ დერ ლეიენი: ჩვენი ამოცანაა შევაგროვოთ მტკიცებულებები და გამოვიძიოთ ომის დანაშაულები

ურსულა ფონ დერ ლეიენი
ფოტო: ft.com

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ევროკავშირის ამოცანაა შეაგროვოს მტკიცებულებები და გამოიძიოს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები.

"ყველამ ვნახეთ შემზარავი კადრები ბუჩადან და სხვა რაიონებიდან, საიდანაც ცოტა ხნის წინ რუსი სამხედროები გავიდნენ. გუშინ, პრეზიდენტ ზელენსკის მივუსამძიმრე და ამ საშინელ დროს ევროკომისიის სრული მხარდაჭერა აღვუთქვი. ეს სისასტიკე ვერ და არც დარჩება უპასუხოდ. ამ საშინელი დანაშაულების ჩამდენნი დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ. ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად საგამოძიებო ჯგუფი შექმნა. მისი ამოცანაა შეაგროვოს მტკიცებულებები და გამოიძიოს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები". - თქვა ფონ დერ ლეიენმა.

რაც შეეხება სანქციების ახალ პაკეტს, ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, რომ სანქციების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის კიდევ უფრო გაზრდაა.

"სანქციების ოთხმა პაკეტმა [რუსეთს] მძიმე დარტყმა მიაყენა და შეზღუდა კრემლის პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობები. შედეგები ხელშესახებია. თუმცა ცხადია, მოვლენების გათვალისწინებით, ზეწოლა კიდევ უნდა გავზარდოთ. დღეს გთავაზობთ, ჩვენი სანქციები უფრო მეტად გავაძლიეროთ. სანქციებს გავაფართოვებთ და გავაძლიერებთ, რათა რუსეთის ეკონომიკაში უფრო ღრმად შეიჭრან". - თქვა ფონ დერ ლეიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სანქციების მეხუთე პაკეტს 6 მიმართულება აქვს.

პირველი: რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა, რომლის ღირებულებაც წელიწადში 4 მილიარდ ევროს შეადგენს.

მეორე: ტრანზაქციების სრულად აკრძალვა რუსეთის 4 მთავარ ბანკთან, მათ შორის სიდიდით მეორე VTB ბანკთან. ამ ბანკებს რუსეთის საბანკო სექტორში საბაზრო წილის 23% უკავიათ.

მესამე: რუსული გემებისა და რუსეთის მართვის ქვეშ მყოფი გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვა. გარკვეული გამონაკლისები შეეხება პირველადი მოხმარების პროდუქტებს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტებს, ჰუმანიტარულ დახმარებას და ენერგომატარებლებს. ამასთან, ევროკავშირი დააწესებს ბანს რუსეთის და ბელარუსის საგზაო-სატრანსპორტო ოპერატორებისთვის.

მეოთხე: 10 მილიარდი ევროს ღირებულების ექსპორტის აკრძალვა ისეთ მიზნობრივ სფეროებში, რომლებშიც რუსეთი ყველაზე დაუცველია. მათ შორის, მაგალითად, კვანტური კომპიუტერები და თანამედროვე ნახევარგამტარები, ასევე მაღალი სიზუსტის მოწყობილობები და სატრანსპორტო ტექნიკა.

მეხუთე: კონკრეტული ახალი აკრძალვები იმპორტზე, 5.5 მილიარდი ევროს ღირებულებით, რუსეთისა და მისი ოლიგარქებისთვის ფულის ნაკადის შეეყვეტად ისეთი პროდუქტებიდან, როგორიც არის ხის მასალა ან ცემენტი, ზღვის პროდუქტები ან ალკოჰოლური სასმელები.

მეექვსე: მივიღებთ მიზანმიმართულ ზომებს, როგორიცაა რუსული კომპანიებისათვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვა. რუსეთის სახელმწიფო ორგანოებისთვის ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ევროპელიბის მიერ გადახდილი გადასახადების თანხები რუსეთში არანაირი ფორმით ან სახით არ უნდა მოხვდეს.

გარდა ამისა, ფონ დერ ლეინმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი დამატებით სანქციებზეც მუშაობს. მათ შორის, ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით.

"ვმუშაობთ დამატებით სანქციებზე, მათ შორის ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით და ვმსჯელობთ წევრი ქვეყნების მიერ შემოთავაზებულ ზოგიერთ იდეაზე, როგორებიც არის გადასახადები ან გადახდის კონკრეტული არხები, მათ შორის, პირობითი დეპონირების ანგარიშები". - თქვა ფონ დერ ლეიენმა.

კომენტარები