უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით. ამის შესახებ მან ისაუბრა უკრაინელ ჟურნალისტებთან, რომელთაც პრეზიდენტს ჰკითხეს თუ როგორ უკრაინაზე ოცნებობდა ის.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არ იქნება უკრაინა, როგორიც მათ თავდაპირველად სურდათ.
"უკრაინა ნამდვილად არ იქნება ისეთი, როგორიც თავდაპირველად გვსურდა. ეს შეუძლებელია. სრულად ლიბერალური და ევროპული – ის ასეთი არ იქნება". – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით პრიორიტეტული იქნება დაცული სახელმწიფო და უსაფრთხოება. ასევე დაამატა, რომ ვერ ისაუბრებენ უკრაინის შვეიცარიულ მომავალზე, მაგრამ უკრაინა გახდება დიდი ისრაელი.
"დაცული სახელმწიფო და უსაფრთხოება, ეს უნდა იყოს ნომერი პირველი. ვფიქრობ, მთელი ჩვენი ხალხი იქნება ჩვენი დიდებული არმია. ვფიქრობ, ვერ ვისაუბრებთ, უბრალოდ, მომავალ შვეიცარიაზე. ალბათ, ჩვენი სახელმწიფო ასეთი შეიძლება იყოს დიდი, დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ, მგონია, ნამდვილად გავხდებით დიდი ისრაელი, საკუთარი სახით". – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე დაამატა, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში უსაფრთხოების საკითხები უკრაინისთვის პრიორიტეტული იქნება.





