ევროპარლამენტის ანგარიში

ევროპარლამენტი: 2020-2021 წლებში მედიის სამუშაო გარემო გაუარესდა

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2020-2021 წლებში ქართული მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ ქართული მედია პლურალისტურია, თუმცა პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესმა მედიის პოლარიზებაც გამოიწვია. ასევე, გაუარესდა მედიის სამუშაო გარემო, პოლიტიკური ანტაგონიზმის ფონზე, გახშირდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები. 

ანგარიში ევროპარლამეტისთვის მოამზადა ჰანა აჰამად მადატალიმ, ტალენდერ ჯანსენმა, ლაურა დელკოურმა. 

საქართველოში მედიის მიმართ აგრესიით პუტინისტური, ძალადობრივი დაჯგუფებები გამოირჩევიან. 2021 წლის 5 ივლისს, როდესაც თბილისში ღირსების მარში უნდა გამართულიყო, ორკები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. როდესაც სამიზნე აუდიტორია - ღირსების მარშის მონაწილეები ვერსად იპოვეს, აგრესია ჟურნალისტებზე მიმართეს. პუტინისტებმა 5 ივლისს დღის განმავლობაში 55 ადამიანს სცემეს, აქედან 53 მედიის წარმომადგენელი იყო. პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა, დანაშაულის ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან, იმ მოძალადეების საქმეები კი, რომლებიც დააკავეს, სასამართლოში დღემდე მიმდინარეობს. ორკების ნაწილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

დაშავებულ ჟურნალისტებს შორის ერთ-ერთი იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავას გარდაცვალებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, UNESCO-მ კი ის საქართველოში მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა - მკვლელობის თარიღად 5 ივლისია მითითებული. ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულებს 4 აპრილს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.  

კომენტარები