ევროპარლამენტი - საქართველო

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული კვლევა გამოაქვეყნა

EU

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ახალი კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2020-2022 წლების პერიოდს მოიცავს და მასში ყველა აქტუალური საკითხი შევიდა. კვლევაში ნათქვამია, რომ ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და იმ მთავარი პოლიტიკური ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, რაც საქართველომ იკისრა, ქვეყანამ უკან დაიხია. დოკუმენტის ავტორები არიან სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლორ დელკური და ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის თანამშრომლები – ჰანა აჰამად მადატალი და ტალანდერ იანსენი.

ანგარიშში საუბარი შეეხო პოლიტიკური პოლარიზაციისა და მმართველი პარტიის მიერ საკუთარი ძალაუფლების კიდევ უფრო მეტად გაზრდის საკითხებს. მასში ნათქვამია, რომ "მძიმე პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა დაკარგეს საკუთარი არსი, მმართველმა კოალიციამ კი კიდევ უფრო მეტად გაზარდა საკუთარი ძალაუფლება და მეტად შეზღუდა სივრცე განსხვავებული აზრისთვის".

კვლევის ავტორებს არც ამჟამად არსებული მედიაგარემო და ჟურნალისტებზე გახშირებული ძალადობის ფაქტები გამორჩენიათ.

"საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულება გაცილებით უფრო რთული გახდა პოლიტიკური ჩარევებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური ძალადობის გამო".

დოკუმენტში უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან ვალდებულებების შესრულების საკითხზეც არის ყურადღება გამახვილებული და იქვე წერია, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. 

"საქართველო აგრძელებს ევროკავშირის ძირითადი მოთხოვნების შესრულებას უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით და ეფექტიანად თანამშრომლობს ევროკავშირის სტრუქტურებთან და წევრ სახელმწიფოებთან კრიმინალთან ბრძოლის საქმეში. დადებითად ფასდება თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით. თუმცა, საქართველომ უარი თქვა 2022 წლის თებერვლის ბოლოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა" - ნათქვამია დოკუმენტში, რომელშიც კრიტიკულად არის მოხსენიებული საქართველოში მართლმსაჯულების საკითხიც.

"საქართველოს სასამართლო სისტემაში 2020 წლიდან განვითარებული მოვლენები ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. კერძოდ, ამის მაგალითია მოსამართლეთა ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე დანიშვნები, გენერალური პროკურორის დანიშვნის რეფორმის შეუსრულებლობა და ცვლილებები კანონში საერთო სასამართლოების შესახებ".

გარდა ამისა, კვლევის ავტორები საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხსაც შეეხნენ.

"საქართველო რეგიონალურ ლიდერად რჩება კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, თუმცა ანტიკორუფციული რეფორმები ბოლო წლებში შენელდა, ხოლო მაღალი დონის კორუფციის ეფექტიანი გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა მთავარ გამოწვევად რჩება".

დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული საქართველოს მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების საკითხი.

"საქართველოს ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის გამო, თუმცა ქვეყანა კარგ შედეგებს აღწევს საკუთარი სამართლებრივი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელების თვალსაზრისით".

ასევე, კვლევაში საუბარია ქალთა უფლებებზე, შრომის კოდექსსა და სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტებზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სერიოზულ პრობლემად რჩება სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევა.

"2020-2012 წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქალთა მიმართა ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და სამსახურებში გაუმჯობესდა სიტუაცია გენდერული თანასწორობის მხრივ. მოსალოდნელია შრომითი უფლებების გაუმჯობესებაც შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო, თუმცა, კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევა და მათ მიმართ დისკრიმინაცია".

კვლევაში მოხვდა ოპოზიციის ლიდერების მიმართ პოლიტიკური დევნის საკითხი, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები და ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება.

მნიშვნელოვნად გაუარესდა კანონის უზენაესობა, ამის მაგალითია ოპოზიციის ლიდერების დაკავება, 2019 წლის ივნისისა და 2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების არაეფექტური გამოძიება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება". - ვკითხულობთ დოკუმენტში, რომლის ავტორებიც არიან სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის თანამშრომლები.

კომენტარები