ევროპარლამენტის ანგარიში

პოლარიზაცია ქართული ოცნებისა და ენმ-ს ინტერესშია – ევროპარლამენტის ანგარიში

ტაბულა

ევროპარლამენტმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია პოლარიზაციის პრობლემაზე საქართველოში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნის ორივე დიდი პოლიტიკური პარტია, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, პოლარიზაციის პროცესით სარგებლობენ. 

"პოლარიზაცია უნდა მოგვარდეს, როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით, თუ მხედველობაში 2024 წელს დაგეგმილ არჩევნებს მივიღებთ. პოლიტიკურ სპექტრში სუსტი იდეოლოგიური განსხვავების გათვალისწინებით, პოლარიზაცია სინამდვილეში "ზემოდან-ქვევით ელიტური ძალაუფლების ბრძოლა" და "პოლიტიკური რესურსებისთვის კონკურენციაა". შედეგად, ორივე პოლიტიკური პარტიის - ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ინტერესია, ხელი შეუწყონ პოლარიზაციას, რათა შეძლონ ამომრჩეველთა მობილიზება და არ მისცენ სივრცე კონკურენტებს. 

პოლარიზაცია აღწევს ყველა პოლიტიკურ და სოციალურ ინსტიტუტში, მათ შორის სასამართლოში, მედიაში თუ სამოქალაქო საზოგადოებაში". - წერია ანგარიშში.

ევროპარლამენტის დოკუმენტის თანახმად, მკვეთრი პოლარიზაცია დემოკრატიული ინსტიტუტებს "საკუთარ არსს უკარგავს" და ამასთანავე, იზრდება მმართველი კოალიციის ძალაუფლება. 

"მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, დემოკრატიული ინსტიტუტები თანდათან კარგავენ საკუთარ არსს, და მმართველი კოალიცია სულ უფრო მეტად აკონტროლებს ძალაუფლებას და ასევე, ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის". - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ მედიაპლურალიზმის მიუხედავად, პოლიტიკური კრიზისის პარალელურად ძლიერდება პოლარიზაცია მედიაში. 

ანგარიში ევროპარლამებტისთვის მოამზადეს ჰანა აჰამად მადატალიმ, ტალენდერ ჯანსენმა, ლაურა დელკოურმა.  

კომენტარები