სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. შსს არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული.
"სამართალდამცველებმა, ა.ი.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის შემოწმებისას, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 2 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს შსს.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით. დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.