რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ნიკოლაევში კასეტური ბომბები გამოიყენეს – დაიღუპა 10 ადამიანი და დაშავდა 46-ზე მეტი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი კასეტური ბომბების გამოყენებით დაბომბეს. შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 46-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, ოლექსანდრ სენკევიჩი ავრცელებს.

სახლების გარდა, რუსებმა ქალაქში დაბომბეს საავადმყოფოები, ბავშვთა სახლები, საბავშვო ბაღები, სკოლები, ობოლთა თავშესაფარი და კიდევ სხვა არაერთი ობიექტი. მერის განცხადებით, ვისაც სურვილი აქვს, იმ ადამიანების ევაკუაცია ხორციელდება უსაფრთხო ადგილებზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები