რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ევროპული საბჭო: ომის დანაშაულის ჩამდენები და პასუხისმგებელი მთავრობის წევრები დაისჯებიან

"ევროკავშირი სრული სიმკაცრით გმობს სისასტიკეს, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ახლად გათავისუფლებულ ქალაქებში ჩაიდინეს" - წერია ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების დიდი რაოდენობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევის ამსახველი ფოტოები რუსეთის მიერ უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი და აგრესიული ომის ჭეშმარიტ სახეს გვაჩვენებს. მასობრივი ხოცვა ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში ევროპულ მიწაზე ჩადენილი მხეცობების სიაში შევა". - წერია განცხადებაში.

ევროპული საბჭო განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ სისასტიკეზე პასუხისმგებელი რუსეთის მთავრობაა, რომელიც სასტიკი დანაშაულების ჩადენის დროს კიევის ოლქის ქალაქებს აკონტროლებდა.

"ომის დანაშაულისა და სხვა სერიოზული დანაშაულების ჩამდენები, მასზე პასუხისმგებელი მთავრობის წარმომადგენლები და სამხედრო ლიდერები დაისჯებიან. ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ზომის მიღებას, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეირაღებული ძალების მიერ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამო შესაბამისი პირების პასუხისმგელობას უზრუნველყოფს". - წერია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო სრულად მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების შესახებ დაწყებულ გამოეძიებას. ასევე, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გაწეულ სამუშაოს. გარდა ამისა, ევროკავშირი ეხმარება უკრაინის მთავარ პროკურორს ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებასა და შენახვაში.

კომენტარები