რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლსა და ბუჩას მიღმა, რუსულ აგრესიას 161 ბავშვი ემსხვერპლა – უკრაინის პროკურატურა

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, მარიუპოლსა და ბუჩას მიღმა, სადაც ოკუპანტებმა ათასობით ადამიანი მოკლეს, რუსულ აგრესიას 161 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 425. ინფრომაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ყველაზე მეტი ბავშვი უკრაინის შემდეგ ოლქებში დაშავდა: კიევის - 75, დონეცკის - 78, ხარკოვის - 59, ჩერნიგოვის - 49, ლუგანსკის - 31, ნიკოლაევის - 34, ხერსონის - 29, ზაპოროჟიეს - 22, სუმის - 16, ჟიტომირის - 15.

28 მარტს უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ცნობით, მხოლოდ მარიუპოლში, დაახლოებით, 210 ბავშვი დაიღუპა. თავდასხმებს, სულ მცირე, 5 000 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დათვლა კვლავ შეუძლებელია.

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ქალაქ ბუჩაში კი 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები