რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თურქეთი მზად არის, მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის გემები გამოყოს

თურქეთი მზად არის, უკრაინას რუსეთის ალყაში მყოფი ქალაქ მარიუპოლიდან მოსახლეობის ზღვით ევაკუაციაში დაეხმაროს და გემები გამოყოს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა ისაუბრა.

"მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის ჩვენ შეგვიძლია უკრაინას გემებით გავუწიოთ დახმარება, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოქალაქეების, დაშავებულების, თურქეთისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების გამოსაყვანად". – თქვა ჰულუსი აკარმა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ატაშეების გზით ევაკუაციის მოთხოვნა უკვე გაუგზავნა რუსეთის ხელისუფლებას. მინისტრის თქმით, იგივე მიმართვა გაეგზავნა უკრაინის ხელისუფლებასაც.

მარიუპოლი რუსული სამხედრო ძალების ალყაშია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალაქში ჰუმანიტარული კრიზისია მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია ვერ ხერხდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები