ოკუპირებული ცხინვალი

კანდელაკი: როცა საერთაშორისო დღისწესრიგში საქართველოს საკითხი არ დგას, რისკები გაზრდილია

"იმ სიტუაციაში, როცა საერთაშორისო პოლიტიკის დღისწესრიგში საქართველოს საკითხი არ დგას, რა თქმა უნდა, რისკები საქართველოსთვის არის გაზრდილი". – ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი.

მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მკაცრ სანქციებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის შეტანა ოკუპირებული ცხინვალის ანექსიის შანსებს მკვეთრად შეამცირებდა.

"მინდა კითხვით მივმართო ქართული ოცნების წარმომადგენლებს - დღეს, იმ ძალიან მტკივნეულ სანქციებში, რომლებიც აშშ-მ და ევროკავშირმა დააკისრეს რუსეთს, რომ იყოს საქართველოდან ჯარების გაყვანის მოთხოვნა, რომ იყოს სანქციების მოხსნის პირობა საქართველოს დეოკუპაცია, რომ იყოს სანქციების ნაწილი, 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების, ანუ საქართველოდან ჯარების გაყვანის მოთხოვნა, ეს რისკებს ანექსიისა და იმისას, რომ რუსეთის ფედერაცია გქონდეს საქართველოს შუაგულში, შეამცირებდა თუ გაზრდიდა? ეს კარგი იქნებოდა, თუ ცუდი? თუ კარგი იქნებოდა, მაშინ რატომ არ არის სანქციების ჩამონათვალში ჩვენი თემა". – თქვა კანდელაკმა

კანდელაკმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას, გასული წლების და განსაკუთრებით რუსეთის უახლოესი აგრესიის დროს, არ უწარმოებია მოლაპარაკებები დასავლელ პარტნიორებთან, რათა საქართველოს საკითხი ასევე ყოფილიყო სანქციების მოთხოვნებში. 

"მთელი ამ წლების განმავლობაში, ან თუნდაც რუსეთის აგრესიის ამ ფაზის, სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობამ ჩვენს პარტნიორებს, კერძოდ აშშ-სა და ევროკავშირს სანქციების თემატიკაში საქართველოს თემის შეყვანის მოთხოვნით მიმართა თუ არა. თუ არ მიმართა, რატომ არ მიმართა? რამ დაუშალა ხელი პრემიერმინისტრს, რომ ასეთი მოთხოვნით მიემართა აშშ-ს პრეზიდენტისთვის. ამ დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ისევ იყენებს საერთაშორისო ტრიბუნას არა ჩვენი საკითხის წინ წამოსაწევად, არა სანქციებში ჩვენი თემის ჩასასმელად, არა რისკების შესამცირებლად, არამედ მთავრობისთვის ნამუსის მოსაწმენდად". – ამბობს კანდელაკი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების რეფერენდუმი შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს. ამის შესახებ 30 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა თქვა.

"სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ნაწილი – ზომებს მალე მივიღებთ" – ამბობს ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი.
 

კომენტარები