რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბრიტანეთი შეშფოთებულია, რომ აშშ, საფრანგეთი, გერმანია უკრაინას დათმობებისკენ უბიძგებს – The Times

ვოლოდიმირ ზელენსკი და ბორის ჯონსონი
GOV.UK , 2020 წლის 8 აგვისტო

გამოცემა The Times-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია, რადგან აშშ, საფრანგეთი და გერმანია უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ნაადრევი დათმობებისკენ უბიძგებენ.  

მთავრობის მაღალი თანამდებობის პირმა აღნიშნა, რომ მოკავშირეები "ზედმეტად მონდომებულები" არიან, რათა მშვიდობის შენარჩუნების მიზნით მიღწეული იქნას ადრეული შეთანხმება და არ დაელოდონ უკრაინის ყველაზე ძლიერ პოზიციას. 

გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ პუტინი, როგორც "მატყუარა და მოძალადე", მოლაპარაკებებით ეცდება უკრაინის მხარის "დათრგუნვასა და დათმობის იძულებით მიღწევას". 

"ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკებებამდე უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერ პოზიციაზე უნდა იყოს". - აღნიშნა წყარომ. 

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინას მნიშვნელოვანი ტერიტორიული დათმობები, დასავლეთს სანქციების შემსუბუქება და პუტინზე, როგორც ომის კრიმინალზე გამოძიების შეწყვეტა მოუწევს. 

29 მარტს სტამბოლში თურქეთის ხელისუფლების მედიაციით რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა შედგა. ორივე მხარემ მოლაპარაკებების პროცესი დადებითად შეაფასა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები