რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლატვიამ ასო Z-ს, როგორც რუსეთის მხარდაჭერის სიმბოლოს, გამოყენება აკრძალა

რუსული ტექნიკა უკრაინაში

ლატვიის პარლამენტმა ასო Z-ს, როგორც რუსეთ უკრაინის ომში რუსეთის მხარდამჭერი სიმბოლოს, საჯარო გამოყენება აკრძალა

უკრაინაში ოკუპანტები რუსული სამხედრო ტექნიკას Z ასოთი აღნიშნავენ.ამასთანავე, სოციალურ ქსელში ომის მხარდაჭერას Z ასოთი გამოხატავენ. 

ლატვიის პარლამენტის გადაწყვეტილებით, სამხედრო აგრესიისა და ომის მხარდასაჭერად Z სიმბოლოს გამოყენება ფიზიკური პირებისთვის 350 ევრომდე, კომპანიებისთვის კი 2 900 ევრომდე ჯარიმით განისაზღვრა. ამასთანავე, საკანონმდებლო ორგანომ აკრძალა V, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ომთან დაკავშირებით აქტიურად იყენებს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, Z "გამარჯვებისთვის" ნიშნავს, ხოლო V გამოხატავს ფრაზას: "სიმართლე ძალაა" ან "დავალება შესრულდება".

მანამდე, შვეიცარიულმა სადაზღვევო კომპანია Zurich Insurance-მ სოციალურ ქსელებში თავისი ლოგო "Z" ამოიღო.

29 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სახელმწიფოებს მოუწოდა, Z სიმბოლოს გამოყენების კრიმინალიზაცია მოახდინონ. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები