რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლში წითელი ჯვრის შენობა დაბომბეს

დღეს, 30 მარტს, რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლში წითელი ჯვრის შენობას დაარტყეს. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

"მარიუპოლში ოკუპანტებმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შენობას დაუმიზნეს.

[...] მტრის თვითმფრინავებმა და არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა თეთრ ფონზე წითელი ჯვრით გამოსახულ შენობას, რაც მიუთითებს დაჭრილების ან სამოქალაქო თუ ჰუმანიტარული ტვირთის არსებობაზე". - თქვა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების კომისარმა, ლუდმილა დენისოვამ.

უკრაინის ოფიციალურ პირს არ დაუკონკრეტებია, როდის განხორციელდა თავდასხმა. მისი თქმით, ჯერ უცნობია შეტევის შედეგად რამდენი დაშავებული ან გარდაცვლილია.

რუსების სამხედრო ძალებმა სამხრეთ საპორტო ქალაქს ალყა შემოარტყეს. დაბომბვებს მინიმუმ 5,000 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა საერთო რაოდენობა შეიძლება იყოს 10,000-მდე. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

 

კომენტარები