რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუგანსკის ოლქში შესაძლოა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს

სეპარატისტული ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა თქვა, რომ ლუგანსკის ოლქში შესაძლოა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს. 

"ვფიქრობ, უახლოეს მომავალში რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარდება რეფერენდუმი, რომლითაც ხალხი თავის აზრს გამოხატავს რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით". – თქვა პასენჩინმა

უკრაინულმა მხარემ აღნიშნა, რომ მსგავს რეფერენდუმს არანაირი სამართლებრივი ძალა არ ექნება და უფრო მკაცრ საპასუხო საერთაშორისო ქმედებებს გამოიწვევს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული მართვის ხელმძღვანელის, სერგეი რუდცკოის თქმით, რუსეთის მიზანი უკრაინაში შეჭრისას დიდი ქალაქებზე თავდასხმა არ იყო და მთავარი ამოცანად დონბასის რეგიონის სრული გათავისუფლება რჩება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები