რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონიის პრემიერმინისტრის თქმით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი იზრდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ესაუბრება გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და იაპონიის პრემიერ მინისტრ ფუმიო კიშიდას G7-ის ლიდერებთან ფოტოს გადაღებისას NATO-ს შტაბბინაში
Doug Mills/Pool via REUTERS

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აშშ-ს ელჩთან ჰიროშიმაში შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა "სულ უფრო რეალური" ხდება. 

"როდესაც რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება სულ უფრო რეალური ხდება, მჯერა, რომ ელჩი ემანუელის ვიზიტი ჰიროშიმაში და ბირთვული გამოცდილების რეალობაში ხილვა მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის". - აღნიშნა პრემიერმინისტრმა. 

იაპონია, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ატომური იარაღით დაესხნენ თავს.

23 მარტს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა არ გამორიცხა, რომ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. მისი თქმით, რუსეთისთვის თუ იარსებებს ეგზისტენციალური საფრთხე, მაშინ შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოყენებული იქნას. პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ პესკოვის სიტყვები "სახიფათო რიტორიკად" შეაფასა. მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ქცევა შეუსაბამოა ბირთვული სახელმწიფოსთვის.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერასდროს მოიგებს. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა ნებისმიერი საფრთხის წინაშე ალიანსის მზაობას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები