რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ დოჰას ფორუმზე კატარს ენერგოპროდუქტის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა

ვოლოდიმირ ზელენსკი

დოჰას ფორუმის გახსნაზე სიტყვის გამოსვლისას კატარის ამირამ, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანიმ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მილიონობით ლტოლვილის გვერდით დგას უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ უსამართლო ომში. ასევე, იგი ეწინააღმდეგება ეროვნული სუვერენიტეტის წართმევისკენ მიმართულ საომარ მოქმედებებს.

ამის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, კატარის დოჰას ფორუმზე გამოჩნდა და მოუწოდა ენერგიით მდიდარ ქვეყანასა და სხვებს, გაზარდონ თავიანთი წარმოება, რათა შეძლონ რუსული ენერგომომარაგების ჩანაცვლება. 

ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში რუსეთის ჯარების მიერ მარიუპოლის საპორტო ქალაქის განადგურება სირიის ომში ქალაქ ალეპოს განადგურებას შეადარა. მან ასევე ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რასაც უკრაინიდან ექსპორტის არარსებობა მიაყენებს მსოფლიოს. ხორბლის მიწოდების შეზღუდვამ უკვე შეაშფოთა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, მათ შორის, ეგვიპტე, რომელიც უკრაინული ხორბლის ექსპორზეა დამოკიდებული. 

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მუსლიმებს რამადანის წმინდა მარხვის თვეში ბრძოლა მოუწევთ. 

"ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რამადანის ამ წმინდა თვეს უკრაინელი ხალხის უბედურება არ დაჩრდილავს". - ამბობს ზელენსკი.

გაზის საკითხი: კატარი, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია მსოფლიოში, მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსული გაზის ჩანაცვლების ალტერნატიულ გზებზე დაიწყეს ფიქრი. ოფიციალური მონაცემებით, ევროკავშირის ბუნებრივი აირის მარაგის დაახლოებით 40% რუსეთიდანაა იმპორტირებული. ამ კვირაში გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა, იმ პირობით დატოვა კატარის დედაქალაქი, დოჰა, რომ მომავალში კატარი მას გაზს მიაწვდის. გერმანიას ამჟამად არ აქვს ობიექტი კატარიდან LNG-ის პირდაპირი იმპორტისთვის, მაგრამ ის უახლოეს მომავალში 2-ის აშენებას აპირებს.

კომენტარები