რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"თქვენ ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი გაქვთ, მაგრამ ერთი არ მოგვეცით" – ზელენსკი NATO-ს

Office of the President of Ukraine

"უკრაინამ თვითმფრინავებისთვის მოგმართათ, რათა ამდენი ადამიანი არ დავკარგოთ. თქვენ ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი გაქვთ,მაგრამ ერთი არ მოგვეცით". - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამიტზე მიმართვისას.

შეჭრის პირველივე საათები ჩვენთვის სასტიკ სარაკეტო დარტყმებს ნიშნავდა. ომის თვის განმავლობაში რუსეთი ჩვენს ქალაქებს ათასზე მეტი რაკეტით დაესხა თავს, განახორციელა ასობით საჰაერო თავდასხმა. ჯერ კიდევ 24 თებერვალს მოგმართეთ სრულიად გასაგები, ლოგიკური თხოვნით. დაგვეხმარეთ ჩვენი ცის დახურვით. დაიცავით ჩვენი ხალხი რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან. ჩვენ ვერ მოვისმინეთ მკაფიო პასუხი. უკრაინას არ აქვს ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი. რუსეთზე გაცილებით მცირე ავიაცია ჰყავს. ამიტომ, მათი უპირატესობა - ეს ჰგავს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას. შედეგებს ხედავთ - რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენი მშვიდობიანი ქალაქი დაინგრა.

უკვე ერთი თვეა, ერთ რამეს გიმეორებთ. ხალხისა და ჩვენი ქალაქების გადასარჩენად უკრაინას სჭირდება სამხედრო დახმარება - შეუზღუდავად, ისევე, როგორვ იყენებს რუსეთი მთელ არსენალს შეზღუდვების გარეშე ჩვენს წინააღმდეგ. ანადგურებს ყველა ცოცხალ არსებას. ნებისმიერი ობიექტს - საცხოვრებელი კორპუსებიდან ეკლესიებამდე, საკვების საწყობებიდან უნივერსიტეტებამდე, ხიდებიდან საავადმყოფოებამდე. უკრაინამ თვითმფრინავებისთვის მოგმართათ, რათა ამდენი ადამიანი არ დავკარგოთ. თქვენ ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი გაქვთ, მაგრამ ერთი არ მოგვეცით. ჩვენ მოგმართეთ ტანკებისთვის, რათა ჩვენი ქალაქების განბლოკვა შევძლოთ - მარიუპოლის, ბერდიანსკის, მელიტოპოლის. ქალაქების, რომლებშიც რუსეთს ასიათასობით ადამიანი მძევლად ჰყავს, ხელოვნურად ქმნის შიმშილს. თქვენ გაქვთ მინიმუმ 20 ათასი ტანკი, უკრაინამ 1%  მოითხოვა -  ყველა თქვენი ტანკის 1%. მოგვეცით ან მოგვყიდეთ. მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ.

უკრაინას არასოდეს სურდა ეს ომი და მას არ სურს წლების განმავლობაში ბრძოლა. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ხალხის გადარჩენა გვინდა... როგორც ნებისმიერ ხალხს, ჩვენც გვაქვს ამის უფლება. ცხოვრების უფლება. ზუსტად იმ 1%-ის უფლება. NATO-ს არ ვადანაშაულებ, თქვენი ბრალი არ არის. ჩვენს ქალაქებს თქვენი რაკეტები და ბომბები არ ანადგურებს. დღეს ფოსფორის ბომბები გამოიყენეს -  დაიღუპნენ როგორც მოზრდილები, ასევე ბავშვები. უბრალოდ, მინდა იცოდეთ, რომ ალიანსს შეუძლია თავიდან აიცილოს რუსული დარტყმების შედეგად უკრაინელების დაღუპვა. მოგვეცით ყველა ის იარაღი, რომელიც გვჭირდება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები