ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი თვლის, რომ ბანკირი, რომელმაც $140 მილიონით აზარალა, მარტო არ მოქმედებდა

ივანიშვილი და უილიამ დე კუნინგის ტილო
nyoobserver.com

ბიძინა ივანიშვილი ამერიკულ Bloomberg-ს ესაუბრა თაღლითობის საქმეზე, როცა Credit Suisse-ის პირადმა ბანკირმა მას 140 მილიონი აშშ დოლარი აზარალა.

ივანიშვილის პირადი ბანკირის მიერ ჩადენილ თაღლითობასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველად 2016 წელს გავრცელდა.

ფრანგმა პატრიკ ლესკოდრონმა აღიარა, რომ ივანიშვილისგან მალულად დებდა მის ფულს მაღალი რისკის მქონე ანგარიშებზე, რასაც თავდაპირველად წარმატება მოჰქონდა, თუმცა 2015 წლის სექტემბერში განხორციელებულმა წარუმატებელმა ინვესტიციამ ივანიშვილს 100 მილიონი აშშ დოლარი დააკარგვინა.

ივანიშვილმა Bloomberg-ს უთხრა, რომ არ სჯერა, თითქოს მისი პირადი ბანკირი ამ საქმეში მარტო, ბანკისგან სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებდა.

"რამდენიმე წლის განმავლობაში სამი ადამიანი მოდიოდა ჩემთან და ანგარიშების ყალბი ბალანსი მოჰქონდათ, შეუძლებელია, ერთადერთ ადამიანს ექნა ეს," - ამბობს საქართველოს ყოფილი პრემიერი, რომელიც შვეიცარულ ბანკს ზარალის ასანაზღაურებლად უჩივის.

თუმცა, როგორც ჟენევის სასამართლომ დაადგინა, ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა და შედეგად, Credit Suisse სასამართლომ დაზარალებულ მხარედ სცნო.

ბიძინა ივანიშვილმა საქმეზე ერთადერთი კომენტარი 2016 წლის 14 ივნისს გააკეთა, მაშინ ივანიშვილი ამბობდა, რომ "თუ ყველაფერზე ისაუბრებდა" მას Credit Suisse-ისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლო.

"მე არ ვთვლი, რომ ის ფული მე დავკარგე, ის დაკარგა Credit Suisse-მა, რამეთუ კითხვები იქ ჩემს მიმართ არ არსებობს. აქ ყველაფერი გამჭვირვალეა, რომ ანგარიშიდან ფულია მოპარული ეს ელემენტარულად ბანკმა უნდა გადაფაროს და ბანკმა უნდა გადაიხადოს", - ამბობს ივანიშვილი.

კომენტარები