ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი Credit Suiss-ზე: ასეთი თავხედობა რუსეთ-საქართველოს ველურ კაპიტალიზმშიც არ მინახავს

მედია Bloomberg-ი ავრცელებს ოლიგარქისა და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ბერმუდის სასამართლოში შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse Group AG-ს წინააღმდეგ ნათქვამ სიტყვებს. 

"ასეთი თავხედობა, რომელიც Credit Suisse-თან ურთიერთობაში გამოვცადე, არ შემხვედრია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ რუსეთისა და საქართველოს ყველაზე ველურ კაპიტალიზმშიც კი. არასდროს მინახავს, მომხმარებელს ასე ცუდად სადმე სხვაგან მოპყრობოდნენ. ეს იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა", – თქვა ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოზე, რომელსაც ის დისტანციურად, თბილისიდან ესწრებოდა. ეს საქმესთან დაკავშირებული პირველი საჯარო განცხადებაა, 2019 წელს Bloomberg-ისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩივის ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. Bloomberg-ის თქმით, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ აქაურ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს.

ივანიშვილი არის 5 ადამიანიდან ერთ-ერთი, რომელიც შვეიცარიულ ბანკს ჯერ კიდევ უჩივის, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს ლესკოდრონის ბრალდება დაუმტკიცდა. ამ ხუთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, არ სჯერა, რომ ბანკირი თაღლითობის დანაშაულებს ბანკის დახმარების გარეშე აკეთებდა. ლესკოდრონი ბოროტმოქმედებს ჩადიოდა საკუთარი კოლეგებისა და ზემდგომების წინააღმდეგ. 

შვეიცარიული ბანკი ივანიშვილის სიტყვებს ჯერჯერობით არ პასუხობს. 

სასამართლო პროცესი დაიწყო ივანიშვილისა და ბანკის ადვოკატის, სტივენ მოვერლი სმითის ცხარე სიტყვა-პასუხით. სტივენ მოვერლი სმითმა ივანიშვილს უწოდა ოლიგარქი, რომელმაც მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ დანაკარგებზე, რომლებიც ლესკოდრონმა ივანიშვილის სასიკეთოდ გაკეთებული უფრო სარისკო ინვესტიციებით გამოიწვია. 

"რაც ბანკებთან ან ბანკებში მიმუშავია, ან ბანკები მქონია, არასდროს მინახავს ისეთი რამ, რაც Credit Suisse-ში მოხდა. ბანკირად მოშაობის დროსაც კი არ მინახავს ასეთი შემაშფოთებელი რამ", – თქვა ივანიშვილმა სასამართლოზე. 

მოსამართლემ ივანიშვილს ჰკითხა, თუ რატომ გადაწყვიტა მან მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტირება ისეთ ბანკში, რომელთანაც აქამდე შეხება არ ჰქონია და თავად მიმართა მას და არა პირიქით. ამაზე ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს ნდობისა და რეპუტაციის გამო გააკეთა. 

"ბრენდის სახელის გამო, ბრენდის სახელი არის ის, რაც ნდობას იწვევს. ჩვენ კითხვებსაც კი მოვერიდეთ", – უპასუხა ოლიგარქმა მოსამართლის შეკითხვას.

ივანიშვილი ბერმუდის სასამართლოში ჩვენებას პარასკევსაც მისცემს, შვეიცარიული ბანკის წარმომადგენელი კი მომავალ კვირაში.

ივანიშვილმა2019 წელს Bloomberg-ს უთხრა, რომ არ სჯერა, თითქოს მისი პირადი ბანკირი თაღლითობაში მარტო, ბანკისგან სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებდა.

"რამდენიმე წლის განმავლობაში სამი ადამიანი მოდიოდა ჩემთან და ანგარიშების ყალბი ბალანსი მოჰქონდათ, შეუძლებელია, ერთადერთ ადამიანს ექნა ეს", – ამბობდა ივანიშვილი უცხოურ გამოცემასთან. 

ჟენევის სასამართლომ 2018 წელს დაადგინა, რომ ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა და შედეგად, Credit Suisse სასამართლომ დაზარალებულ მხარედ სცნო.

2016 წლის 14 ივნისს ივანიშვილმა თქვა, რომ "თუ ყველაფერზე ისაუბრებდა" მას Credit Suisse-ისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლო.

კომენტარები