უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის თქმით, ხვალ, 24 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს ვიდეოჩართვით მიმართავს.
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანე ამბობს, რომ სამხედრო ალიანსი მკაფიო მესიჯს გაუგზავნის უკრაინას "NATO-ს ერთიანობასა და სოლიდარობასთან დაკავშირებით".
სამიტს, რომელიც ბრიუსელში გაიმართება, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.





