რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: ბაიდენი ასობით რუს დეპუტატს სანქციებს დაუწესებს

Drew Angerer / Getty Images

უკრაინაში შეჭრის საპასუხო ქმედებების ფარგლებში, ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციებს რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატების უმრავლესობას დაუწესებს. ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს.

WSJ-ს ცნობით, ჯო ბაიდენი ევროპაში ვიზიტის დროს დუმის 300-ზე მეტი დეპუტატისთვის  სანქციების დაწესებას გეგმავს. აშშ-ს პრეზიდენტი  NATO-ს მოკავშირეებს შემდგომი ქმედებების განსასაზღვრად შეხვდება.

აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, ეს სანქციები ევროკავშირთან და დიდი შვიდეულის ქვეყნებთან კოორდინაციის შედეგად დაწესდება.

მომავალი სანქციების პაკეტი, რომელიც ომის მეოთხე კვირაში ამოქმედდება, მოიცავს 400 ინდივიდს, მათ შორის 325 დეპუტატს.

გასულ თვეში სანქციები  თავად ვლადიმირ პუტინსა და მისი მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანსაც დაუწესდა.

დუმამ, მართალია, რუსეთის პრეზიდენტზე გაცილებით ნაკლებად გავლენიანი, მაგრამ ბოლო წლებში გაფართოებული კონსტიტუციური პასუხისმგებლობა შეიძინა, განსაკუთრებით ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

გასულ თვეში დუმამ პრეზიდენტს პირდაპირ მიმართა, რუსეთის მიერ კონტროლირებადი სეპარატისტული რეგიონები დონეცკი და ლუგანსკი ეღიარებინა.

ამ თვეში, დუმას კომიტეტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ეხება სამხედრო ოპერაციების შესახებ "სიცრუის" გავრცელებას. კანონპროექტი ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები