რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბენეტი: რუსეთი აღარ ითხოვს ზელენსკის გადაყენებას ან უკრაინის დემილიტარიზაციას

ნაფთალი ბენეტი

ისრაელის პრემიერმინისტრის, ნაფთალი ბენეტის თქმით, რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩანაცვლებას, არც უკრაინის სრულ დემილიტარიზაციას. 

ასევე, ისრაელის პრემიერმინისტრმა, რომელიც უკრაინასა რუსეთს შორის ერთ-ერთი მედიატორია, დაამატა, რომ ორ ქვეყანას შორის "მოლაპარაკებისთვის ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი". მისივე თქმით, უკრაინა აღარ ითხოვს NATO-ში შესვლას. 

"ჩვენ, მსოფლიოში ჩვენ სხვა მეგობრებთან ერთად, ვეცდებით [მხარეებს] შორის ავაშენოთ ხიდი, რათა დავასრულოთ ეს ომი, ესაა საუკეთესო, რაც შეიძლება მოხდეს". – თქვა ბენეტმა. 

კვირას, 20 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქნესეთს მიმართ. საუბრის დროს მან მიმდინარე მოვლენები ჰოლოკოსტს შეადარა. ბენეტი ამ შედარებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ჰოლოკოსტი არ უნდა შეადარონ არაფერს, თუმცა მას უკრაინელი ხალხის ტანჯვა ესმის. 

"ის (ზელენსკი) არის ლიდერი, რომელიც საკუთარი ქვეყნის სიცოცხლისთვის იბრძვის. მრავალი მკვდარი და მილიონობით ლტოლვილი. რთული წარმოსადგენია როგორია მის ადგილზე ყოფნა. თუმცა, მიმაჩნია, რომ ჰოლოკოსტი არაფერს უნდა შეადარონ. ეს არის უნიკალური მოვლენა ერთა ისტორიაში, მსოფლიოში – ადამიანების სისტემატიური, ინდუსტრიული განადგურება გაზის კამერებში". – თქვა ისრაელის პრემიერმა ზელენსკიზე.

ბენეტის თქმით, მოლაპარაკებებში მცირე პროგრესი იგრძნობა, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა დიდია. 

"ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, რადგან არის კონტროვერსიული საკითხები, ზოგიერთი მათგანი ფუნდამენტურია. ბოლო ხანებში მხარეებს შორის პროგრესი იყო, თუმცა დაშორება ჯერ კიდევ ძალიან დიდია". – თქვა ბენეტმა. 

Financial Times-ის გასული კვირის ანგარიშის მიხედვით, ბენეტი რუსეთსა და უკრაინას შორის მთავარი საერთაშორისო მედიატორია.

"ისრაელის პრემიერმინისტრი ბენეტი ცდილობს გამონახოს საუბრების გამართვის გზები და ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ. მადლიერი ვართ ამ ძალისხმევისთვის, ასე რომ, ადრე თუ გვიან, ჩვენ დავიწყებთ რუსეთთან საუბარს, სავარაუდოდ იერუსალიმში". – თქვა ზელენსკიმ გასულ დღეს ნაფთალი ბენეტზე. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები