ესპანეთში 25 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან,  ესპანეთში დაახლოებით 25 000 უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის მიგრაციის მინისტრი, ხოსე ლუის ესკრივა ავრცელებს.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს შეფასებით, თითქმის 3.5 მილიონმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა, მათგან ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა პოლონეთს შეაფარა თავი.

„ჩვენ გავაფართოვეთ ბინადრობის ნებართვების გაცემა, რათა მოვიცვათ ყველა ადამიანი, ვინც ომის დროს უკრაინაში ცხოვრობდა და არა მხოლოდ უკრაინელები“, - თქვა ესკრივამ ესპანურ საზოგადოებრივ საინფორმაციო არხთან ინტერვიუს დროს.

მისი თქმით, უკრაინელებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შესვლა, მაგრამ საჭიროებენ ბინადრობის ნებართვას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები