აშშ

25 მარტს ბაიდენი პოლონეთში ჩავა და ანდჟეი დუდასთან უკრაინის საკითხს განიხილავს

Drew Angerer / Getty Images

25 მარტს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში ჩავა და პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდება - საუბრის თემა რუსეთის უკრაინაში შეჭრა იქნება. 

"პრეზიდენტი განიხილავს, როგორ რეაგირებს შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა შექმნა" - აცხადებს თეთრი სახლი.

პოლონეთში ვიზიტამდე, აშშ-ის პრეზიდენტი ბრიუსელში ჩადის. ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხს NATO-ს მოკავშირეებთან, დიდი შვიდეულის წევრებთან და ევროკავშირის ლიდერებთან განიხილავს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები