სოციალური სამართლიანობის ცენტრი

"პრეზიდენტმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ დამოუკიდებელია" – ინტერვიუ თამთა მიქელაძისგან

Socialjustice.org.ge

აკეთებს თუ არა საქართველოს მთავრობა საკმარისს უკრაინის მხარდასაჭერად, რატომ გამოვიდა მიმდინარე ომის პარალელურად აქციებზე ქართველი ხალხი და რატომ ცრუობს საერთაშორისო მედიაში პროტესტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტი – ამ საკითხებზე ტაბულა სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორს, თამთა მიქელაძეს ესაუბრა. 

მიქელაძე ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდანვე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკმაოდ პრობლემური განცხადებები გააკეთეს. მისივე თქმით, მთავრობის მიერ უკრაინის დასახმარებლად გადადგმული რეალური ნაბიჯები საკმაოდ მცირე იყო, მათგან ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კი ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხი იყო.

"უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში საკმაოდ პრობლემური განცხადებები გააკეთეს პრემიერმინისტრმა და მმართველი პოლიტიკური გუნდის ლიდერებმა. პირველ რიგში, სანქციებზე არშეერთების თემით დაიწყო, თუმცა შემდგომშიც ჩვენ ვნახეთ, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები უკრაინის რეალურად მხარდასაჭერად იყო ძალიან მცირე. ეს იქნებოდა პირდაპირი პოლიტიკური მხარდაჭერა თუ, თუნდაც, უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. ეს უკავშირდებოდა ლტოლვილების უკრაინიდან გამოყვანის პროცესის ორგანიზებას თუ საქართველოში შემოსული ლტოლვილებისთვის საცხოვრებელი, სოციალური, ჰუმანიტარული და სხვა ფორმით მხარდაჭერას.

ის ენა, რომელსაც პრემიერმინისტრი იყენებდა, საკმაოდ პრობლემური იყო, რომელმაც უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენთვის მნიშვნელოვან მოვლენად არ ჩათვალა. მიუთითა იმაზე, რომ ომი უკრაინაშია, მაგრამ მას სხვა საქმეები აქვს, თავისი საქმეები აქვს". – თქვა მიქელაძემ.

ტაბულას კითხვას, თუ რატომ გამოვიდა ქართველი ხალხი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აქციებზე, მიქელაძე პასუხობს, რომ ამაზე დიდი როლი იქონია როგორც ქართველების ანალოგიურმა გამოცდილებამ, ისე მმართველი გუნდის პოზიციონირებით უკმაყოფილებამ.

"პირველ რიგში, ეს იყო ტრავმისა და ტკივილის გაზიარების, თანაგანცდის აფექტური გამოცდილება. მეორე მხრივ, ბუნებრივია, რომ ეს იყო უკმაყოფილება მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციების მიმართ, რომელმაც ვერ შეძლო სიმბოლურადაც კი ღირსეული პოზიციების დაკავება უკრაინაზე. რომ აღარ ვისაუბროთ ქმედით, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და უსაფრთხოების ნაბიჯებზე. [მოქალაქეებს] პოლიტიკური პარტიების მიმართ აქვთ ღრმა უნდობლობა, მაგრამ როცა ისინი საჭიროდ თვლიან, თვითორგანიზებას და პროტესტის გამოხატვას ნამდვილად ახერხებენ". – თქვა მიქელაძემ.

ტაბულამ დოლიძეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუზეც ჰკითხა – ზურაბიშვილი Euronews-თან საუბარში ამტკიცებს, რომ მთავრობა უკრაინის მხარდასაჭერად შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს და ქართველი ხალხი აქციაზე მთავრობისადმი უკმაყოფილებას არ გამოუყვანია, ის ფრუსტრირებული არ არის. 

"პირველ რიგში, მე პოზიტიურად აღვნიშნავდი პრეზიდენტის როლს. იმ პირობებში, როდესაც მთავრობამ სრულად მარცხი განიცადა დიპლომატიურ და საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობის გზაზე, მან მოახერხა, რომ წამყვან მედიებში საქართველოს სახელი, წუხილები ისმოდა. ვფიქრობ, რომ მისმა შეხვედრებმა სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მათ შორის, ევროკავშირის წევრობის განაცხადის დაჩქარებისთვის.

მე ნამდვილად პოზიტიურად ვაფასებ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუმცა პრეზიდენტს ნამდვილად აქვს ბევრი გამოწვევა. პირველ რიგში, ის დაშორებულია საზოგადოებრივ ჯგუფებს და მას კარგად არ ესმის იმ განწყობების, წუხილების თუ გამოწვევების, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაშია. მეორე მხრივ, ხაზი უნდა გაესვას, რომ მას საკმაოდ სუსტი ადმინისტრაცია და მრჩევლები ჰყავს, რომლებიც სწორ და ძლიერ არგუმენტებს, ხედვებს არ უზიარებენ. პრეზიდენტმა კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ ის საკმარისად დამოუკიდებელია იმ პრობლემური გავლენებისგან, რომლებიც, შეიძლება, მთავრობისგან მოდიოდეს. იმ ფონზე, როცა მან ეს განცხადებები გააკეთა და მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო დავის შესახებ მმართველმა პარტიამ რაღაც განცხადებები გააკეთა, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები, საბოლოოდ ხომ არ მოახდინა მთავრობის მხრიდან ამ აგრესიულმა დარტყმამ მასზე გარკვეული გავლენები". – თქვა მიქელაძემ.

მმართველი პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებს ხშირად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებად მოიხსენიებს – ტაბულას კითხვაზე, თუ რატომ იქცევა ქართული ოცნება ასე და რას ხედავს ამ მიდგომაში მისთვის სასარგებლოს, მიქელაძემ გვიპასუხა, რომ პარტია სრულად გამოფიტულია და ამ გზით ისინი საკუთარ სტატუს-კვოს იმყარებენ.

"შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნება ბოლო წლებში ორი შიშის კულტივირებაზე დგას და მის პოლიტიზებას ახდენს. ეს არის ნაციონალური მოძრაობის და ენმ-ს ძალაუფლებაში არდაბრუნების შიში, სწორედ ამას ეფუძნება მისი წინასაარჩევნო კამპანიები და რიტორიკა მთლიანად. მეორე ფაქტორი არის რუსეთის შიში. [...] ქართული ოცნება დღეს არის ინტელექტუალურად, მორალურად, არსებითად და პოლიტიკურად გამოფიტული პოლიტიკური ძალა". – თქვა მიქელაძემ.

ტაბულამ SJC-ს წარმომადგენელს ჰკითხა, რამდენად რეალისტური ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება, ქართულ ოცნებას გაემიჯნოს. მიქელაძის თქმით, პოლიტიკაში ამგვარი კონსპირაციებით მსჯელობა პრობლემური საკითხია.

"რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ გადამწყვეტი მოვლენების, საკითხების დროს რა პოზიციებს დაიკავებენ ოცნებიდან გამოყოფილი ფიგურები, პოლიტიკური პარტიები. რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილით და დაეჭვებით უნდა ვიყოთ, მაგრამ ამ კონსპირაციის ზედმიწევნით მიყოლა, ვფიქრობ, რომ მაინც პრობლემურია". – თქვა მიქელაძემ.

კომენტარები