რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: პუტინთან მოლაპარაკებების მცდელობის წარუმატებლობა შეიძლება მსოფლიო ომს ნიშნავდეს

Office of the President of Ukraine

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება, ეს შეიძლება მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს.

"მე მასთან [პუტინთან] მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ. ბოლო ორი წელია მზად ვარ. ვფიქრობ, მოლაპარაკებების გარეშე ამ ომს ვერ დავასრულებთ" - თქვა ზელენსკიმ CNN-თან საუბრისას.

ზელენსკის თქმით, თუ ომის დასრულების 1%-იანი შანსი მაინც არსებობს, უკრაინამ ის უნდა გამოიყენოს.

"რუსეთის ძალები ჩვენს გასანადგურებლად, მოსაკლავად მოვიდნენ. ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ხალხის და ჩვენი არმიის ღირსებას შეუძლია ძლიერი დარტყმის მიყენება, პასუხის გაცემა. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ღირსება ჩვენს სიცოცხლეს ვერ გადაარჩენს. ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი რომ გვქონდეს მოლაპარაკებების შესაძლებლობა, პუტინთან ლაპარაკის შესაძლებლობა, მაგრამ თუ ეს მცდელობები წარუმატებელი იქნება, ეს შეიძლება მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს." - თქვა ზელენსკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები