რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: NATO-ს წევრი რომ ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა NATO-ს წევრი რომ გამხდარიყო, რუსეთი მას თავს არ დაესხმებოდა. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

"NATO-ს წევრი რომ ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა. მე მინდა ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის გარანტიების მიღება. [...] თუ NATO-ს წევრები მზად არიან ალიანსში გვიხილონ, მაშინ გააკეთონ ეს დაუყოვნებლივ, ადამიანები ყოველდღიურად კვდებიან" - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მადლობელია იმ დახმარების, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ალიანსისგან მიიღო, მაგრამ თქვა, რომ თუ NATO უკრაინის მიღებისთვის მზად არ არის, მაშინ მან უკრაინა გაურკვევლობაში არ უნდა ამყოფოს.

"პირადად ვთხოვე, რომ პირდაპირ ეთქვათ, რომ მიგვიღებდნენ NATO-ში ერთ, ორ ან ხუთ წელიწადში, ეთქვათ პირდაპირ და ნათლად ან უბრალოდ უარი ეთქვათ. პასუხი იყო ცხადი, თქვენ არ იქნებით NATO-ს წევრი, მაგრამ საჯაროდ [NATO-ს] კარი ღია იქნება" - თქვა ზელენსკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები