რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქი დაბომბეს - გარდაცვლილია 4, ხოლო დაჭრილია 10 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის რამდენიმე ქალაქი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად დაზიანდა 54 შენობა, გარდაიცვალა 4, ხოლო დაიჭრა 10 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

"18 მარტს რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, ლუგანსკის ოლქში გარდაიცვალა 4 და დაიჭრა 10 ადამიანი. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. რუსები აგრძელებენ მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლას. მეხანძრეებმა დაბომბვის შედეგად გაჩენილი 46 ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს". - ამბობს სერგეი გაიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები