საქართველოს საელჩო აშშ-ში

საქართველოს საელჩო წერს, რომ აშშ საქართველოს მთავრობას აქებს

facebook.com/EUNATOGOVGE

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, შეერთებულ შტატებში საქართველოს მთავრობას აქებენ. 

განცხადებაში, რომელიც საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებებსაც მოიცავს, წერია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველომ მეზობლისა და პარტნიორის მხარდასაჭერად მობილიზება გაუკეთა რესურსებს და ამ დრომდე საქართველოს ომისგან დაზარალებული უკრაინელებისთვის გაგზავნილი აქვს, დაახლოებით, 140 ტონა ჰუმანიტარული დახმარება და გამოყენებული აქვს ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორუმი ალყაში მყოფი ქვეყნისადმი მხარდაჭერის გასაჟღერებლად. 

საელჩო ეხმაურება გასულ პარასკევს ნედ პრაისის ბრიფინგს და წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა "აღიარა კონფლიქტის შესახებ საქართველოს უნიკალური პერსპექტივა და მისი სოლიდარობა უკრაინის მიმართ". 11 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ნედ პრაისმა თქვა: 

"როდესაც საქართველოს ეხება საქმე... ცოტა ქვეყანა თუ აცნობიერებს რუსეთის აგრესიის პოტენციურ გავლენასა და შედეგებს ისე, როგორც საქართველო, ქვეყანა, რომელშიც რუსული ძალები 2008 წელს შეიჭრა. მთავრობაში მყოფი ბევრი ქართველი და მოქალაქეებიც უკრაინელ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ". 

განცხადებაში ასევე წერია, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განიხილა საქართველოს "ცხადი და არაორაზროვანი" მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

"შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ჩვენ ასევე უნდა აღვნიშნოთ ძალიან გულუხვი დონაციები ქართველი ხალხის, ბიზნეს-სექტორისა და ხელისუფლების მხრიდან და ჰუმანიტარული დახმარება, ისევე, როგორც უკრაინელების, მათ შორის თბილისში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერა". – თქვა აშშ-ს ელჩმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები