პოლონეთში, სულ მცირე, 2 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი გადავიდა

პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 18 მარტს, განაცხადა, რომ სულ მცირე ორმა მილიონმა უკრაინელმა ლტოლვილმა გადაკვეთა პოლონეთის საზღვარი. ომის გამო ბევრი უკრაინელი თავს ევროპის სხვა ქვეყანასაც აფარებს.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) მონაცემებით, 3.2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა უკრაინა რუსეთის შეჭრის შემდგომ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები