რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO უკრაინის ომში სამხედრო ძალით არ ჩაერევა – ოლაფ შოლცი

ოლაფ შოლცი

"NATO არ გარისკავს უკრაინის ომის ესკალაციას სამხედრო ძალის ჩარევით" -  თქვა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იან სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ბერლინში.

"ალიანსის მთავარი მოვალეობაა, უზრუნველყოს ყველა წევრის უსაფრთხოება". - თქვა მან.

გერმანია უკრაინას უგზავნის ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე სამხედრო საქონელს, მაგრამ ბერლინმა არაერთხელ განაცხადა, რომ საბრძოლო თვითმფრინავებს არ გაუგზავნის.

"უკრაინელი ხალხის ბედი ძალიან გვაწუხებს, პუტინს უკრაინის ხალხისთვის საშინელი ტანჯვა და სიკვდილი მოაქვს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ". - თქვა შოლცმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გერმანიის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები