რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"გადაწყვეტილებას ვერ გავითვალისწინებთ" – პესკოვი საერთაშორისო სასამართლოზე

დმიტრი პესკოვი და ვლადიმერ პუტინი
Russia Insider

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) განცხადებას ეხმაურება. პესკოვის თქმით, რუსეთი ვერ გაითვალისწინებს მოწოდებას, "დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში".  

"არა, ჩვენ ვერ გავითვალისწინებთ ამ გადაწყვეტილებას. საერთაშორისო სასამართლოს აქვს ისეთი რამ, როგორიცაა მხარეების თანხმობა. აქ რაიმე შეთანხმება შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ეს არის ის, რასაც ვერ გავითვალისწინებთ". - ამბობს ის. 

საერთაშორისო სასამართლომ განცხადება გუშინ, 16 მარტს გაავრცელა.  

"რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები, რომელიც დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინის ტერიტორიაზე". - წერია განცხადებაში. 

მოსამართლეები ასევე ამბობენ, რომ რუსეთმა უნდა უზრუნველყოს, სხვა ძალებმა, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს ან მხარს უჭერს, ასევე არ გააგრძელონ სამხედრო ოპერაცია.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები