საქართველო-ევროკავშირი

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია პარლამენტმა ერთხმად მიიღო

Emerging Europe

111 მომხრე, 0 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია ერთხმად მიიღო. 

რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ "დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია“. დოკუმენტის მიხედვით, საქართველო "რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის საყრდენად რეგიონში“.

საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, რათა საქართველო სათანადოდ მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის.

მოუწოდებს მთავრობას, აქტიურად ჩაერთოს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებთან იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებიც გააღრმავებს საქართველოს სატრანსპორტო კავშირებს როგორც ევროკავშირთან, ისე პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარებით.

დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ევროკავშირს, ხელი შეუწყონ ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს მონაწილეობის გაზრდას, ასევე ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს დაჩქარებული წესით ინტეგრაციას.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მთავრობას, ხელი შეუწყოს უვიზო რეჟიმის შეუფერხებელ ფუნქციონირებას და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში ლეგალურ დასაქმებაში დაეხმაროს.

პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, ასევე საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და გააძლიეროს ძალისხმევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის სრულფასოვნად შესასრულებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის მიზნით

მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს, "გადადგან საქართველოს ევროკავშირში გაწევრების დასაჩქარებლად საჭირო ყველა ნაბიჯი“.

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 3 მარტს წარადგინა.

კომენტარები