რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი: ამ ეტაპზე მაკრონის უკრაინაში გამგზავრება არ იგეგმება

ემანუელ მაკრონი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას 
Sputnik/Kremlin via REUTERS

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინაში გამგზავრება ამ ეტაპზე არ იგეგმება. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა გაბრიელ ატალმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ თქვა.

საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა აღნიშნა, რომ ვიზიტი შეიძლება დაიგეგმოს, როგორც კი გამოჩნდება, რომ ეს სასარგებლო იქნება კრიზისის მოსაგვარებლად.

15 მარტს კიევში პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები ჩავიდნენ. ამის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის ყველა მეგობარს კიევში იწვევს.

"შეიძლება, აქ საშიში იყოს, რადგან ჩვენი ცა ჯერ კიდევ არ არის დახურული რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის. ჩვენი საჰაერო არსენალის გაძლიერების გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თვითმფრინავები არ მიგვიღია, მაგრამ მსოფლიოში ყველა ადამიანის ყურადღება ახლა ჩვენს დედაქალაქისკენ, უკრაინელებისკენაა მიმართული. ასე რომ, ვინც ჩვენთანაა, მადლიერებას მიიღებს, არა მარტო ჩვენს მადლიერებას, არამედ სხვა ერებისაც" - აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები