უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევში მიხვდნენ, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უკრაინაზე არ მოქმედებს.
"გასაგებია, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არაა, ჩვენ ეს გვესმის, ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში გვესმოდა ღია კარის შესახებ, მაგრამ ჩვენ ახლა ასევე გავიგეთ, რომ იქ ვერ შევალთ და ეს უნდა ვაღიაროთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ამის მიხვედრას იწყებს და ეყრდნობა საკუთარ თავსა და ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან". – თქვა ზელენსკიმ.
ამას გარდა, მან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის ცის ჩაკეტვისკენ, თუმცა აღნიშნა, რომ ამის ალბათობა დაბალია.
"უკრაინას ახლა არ აქვს პრეტენზია NATO-ს მე-5 მუხლის გააქტიურებაზე. მუდამ ვამბობთ, რომ ჩვენი ცა უნდა იყოს ალიანსის ცასავით დაცული, თუმცა გვესმის, რომ ყოველთვის არსებობს "მაგრამ" და [გვესმის] როგორი იქნება ალიანსის პასუხი... თუ მათთან მიფრინდება რუსული რაკეტები, ღმერთმა არ ქნას, რუსული თვითმფრინავები. რუსეთი თავს დაესხა ჩვენს ლვოვის ოლქს, სარაკეტო თავდასხმა NATO-ს საზღვრიდან 20 კილომეტრში მოხდა. ალიანსის ტერიტორიაზე უკვე ჩამოვარდა რუსული უპილოტოები". – აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





