რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ლუგანსკში უსინათლოთა პანსიონი, საავადმყოფო და 3 სკოლა დაბომბეს – დაღუპულია 4 პირი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში უსინათლოთა და მცირემხედველთა პანსიონი, საავადმყოფო და 3 სკოლა დაბომბეს. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა. 

გაიდაის თქმით, ლუგანსკის ოლქში ოკუპანტების მხრიდან დაბომბვები არ წყდება, რის გამოც დაზიანებული და განადგურებულია ინფრასტრუქტურა და ადგილობრივი მოსახლეობის სახლები. მისივე განცხადებით, სამხედროები, პოლიციელები, მაშველები, ექიმები და მოხალისეები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები