პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარჩინ ფშიდაჩმა პოლონეთის საზღვართან ახლოს მყოფ უკრაინულ ბაზაზე რუსეთის სარაკეტო იერიშს NATO-სთვის "დამუქრება" უწოდა. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ BBC-სთან ისაუბრა.
"მათ ნამდვილად იცოდნენ, რომ სამხედრო ბაზა პოლონეთის საზღვართან ძალიან ახლოს იყო... ასე რომ, რა თქმა უნდა, რუსებმა იცოდნენ რას ესროდნენ, მათ NATO-სთვის დამუქრება სურდათ... მათ სურდათ NATO-სთვის მუქარის შემცველი მესიჯი გაეგზავნათ". – თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ფშიდაჩმა იერიშს "ძალიან პროვოკაციული" ქმედება უწოდა.
გასულ დღეს, 13 მარტს ლვოვის ოლქში მყოფ იავორივის სავარჯიშო ბაზაზე რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა. ბაზა პოლონეთის საზღვრიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. თავდასხმას, სულ მცირე, 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





