აშშ-ერაყი

აშშ: მტკიცედ ვგმობთ ერბილზე სარაკეტო თავდასხმას, ერაყის სუვერენიტეტის დარღვევაა

ნედ პრაისი
Photo by Patrick Semansky / POOL / AFP

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყში ქურთების ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ ერბილზე ირანის სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა.

"შეერთებული შტატები მტკიცედ გმობს ერაყში ერბილზე ირანიდან სარაკეტო თავდასხმას. თავდასხმა ერაყის სუვერენიტეტის აღმაშფოთებელი დარღვევაა. [თავდასხმის შედეგად] აშშ-ს ობიექტები არ დაზიანებულა, მომსახურე პერსონალი არ დაშავებული. არ არსებობს მტკიცებულება, რომ თავდასხმა შეერთებულ შტატებზე იყო მიმართული. ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები, პატივი სცეს ერაყის სუვერენიტეტს და შეწყვიტოს ერაყის შიდა საქმეში ჩარევა. შეერთებული შტატები დგას ჩვენი ერაყელი პარტნიორების გვერდით, მათ შორის ქურთისტანის რეგიონში და დაეხმარება რეგიონში ჩვენს პარტნიორებს თავდაცვაში." - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებაში.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ჯგუფს არ აუღია. გავრცელებული ინფორმაციით თავდასხმის სამიზნე აშშ-ს საელჩო იყო და მისი მიმართულებით სულ მცირე 12 ბალისტიკური რაკეტა ისროლეს.

გასული წლის სექტემბერში, ერბილში აშშ-ს სამხედროების მიერ კონტროლირებად აეროპორტს თავს დრონებით დაესხნენ.

ბოლო წლის განმავლობაში ერბილის აეროპორტი რამდენჯერმე გახდა თავდასხმის სამიზნე. ასაფეთქებელი ნივთიერების გადამტანი დრონებით აეროპორტს აქამდეც დასხმიან თავს. აშშ ძველ თავდასხმებს მიაწერდა ირანის მიერ დაფინანსებულ შიიტურ დაჯგუფებებს, რომლებმაც ფიცი დადეს, რომ ბრძოლას იქამდე გააგრძელებდნენ, სანამ ერაყში დარჩენილი ამერიკელი 2 500 სამხედრო ქვეყანას არ დატოვებდა.

კომენტარები