რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საელჩო: ჩვენს ქვეყნებს მხოლოდ ერთად შეუძლიათ შექმნილი უსიამოვნებების გადალახვა

ანდრეი კასიანოვი
ტაბულა

საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა საელჩოში მორიგი ბრიფინგი გამართა. 

კასიანოვი საქართველოს ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობას უხდის. ის იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინიდან წამოსულ ლტოლვილებს სათანადო დახმარებას გაუწევს და მათ დროებითი საცხოვრებელით უზრუნველყოფს. 

მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებსაც, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკრაინის მხარდამჭერ აქციებს მართავენ. მისი თქმით, უკრაინას და საქართველოს მხოლოდ ერთად შეუძლიათ შექმნილი უსიამოვნებების გადალახვა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ყველას ერთიანობისკენ მოუწოდებს. 

მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისგანაც ელის ქმედით ნაბიჯებს. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი თვალს ადევნებს მოვლენების განვითარებას უკრაინაში და მართავს მრავალრიცხოვან გამოსვლებს საქართველოს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, რითაც გამოხატავს სოლიდარობას უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ.

უკრაინა და საქართველო მოძმე ერები არიან, რომლებმაც განიცადეს რუსეთის მხრიდან აგრესია. ეს უბედურება მათ აერთიანებთ. უკრაინას და საქართველოს მხოლოდ ერთად შეუძლიათ შექმნილი უსიამოვნებების გადალახვა. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ყველა საფეხურზე მდგომს, ერთიანობისკენ და საერთო ქმედებისკენ რუსეთის ბარბაროსული აგრესიის შესაჩერებლად".- თქვა კასიანოვმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები