რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის არმია მაროდიორობას აკანონებს – უკრაინის დაზვერვა

Головне управління розвідки Міністерства оборони України

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების არმია მაროდიორობას აკანონებს და ჯარისკაცებს დაავალეს, რომ თვითგადარჩენის ფაზაში გადავიდნენ. მათივე ცნობით, რუსულ ქვედანაყოფებს საკვებით მომარაგებისა და საბრძოლო მასალით უზრუნველყოფის პრობლემები აქვთ.

"მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური პრობლემებისა და შეფერხებული კომუნიკაციის გამო ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი ქვედანაყოფების საწვავით, საკვებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალითა და შემცვლელებით სათანადოდ უზრუნველყოფას. პუტინის სამხედრო ქვედანაყოფებს მარაგებზე წვდომა განუსაზღვრელი დროით არ აქვთ და დაავალეს, რომ მომდევნო განკარგულებამდე თვითგადარჩენის ფაზაზე გადავიდნენ, ანუ ადგილობრივ მოსახლეობას წაართვან ყველაფერი, გაძარცვონ საწყობები, მაღაზიები და აფთიაქები.

ძარცვის კადრები, რომლებიც ბოლო დღეებში გავრცელდა, არ არის ცალკეული შემთხვევები. გარდა მცირე დანაშაულებისა, ისინი მოსახლეობის მიმართ მძიმე დანაშაულებსაც სჩადიან: მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, მათ შორის, არასრულწლოვანების. საოკუპაციო ძალები მიზანმიმართულად ატერორებენ ხალხს, რაც წახალისებულია მათი უმაღლესი ლიდერების მხრიდან". – ნათქვამია სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები