2008 წლის აგვისტოს ომი

იუსტიციის სამინისტრო: 2008 წლის აგვისტოს ომზე საქართველომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა

ქართველი სამხედროები დაჭრილ მოქალაქეს ეხმარებიან. გორი, აგვისტო 2008
Reuters

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება და ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს შემდეგ საქართველომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

"ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს". – წერია განცხადებაში.

კერძოდ, ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ: მიხაილ მინძაევი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი); ჰამლეტ გუჩმაზოვი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი); დავით სანაკოევი (მითითებულ პერიოდში ე.წ. ომბუდსმენი). გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.

პროკურორის ოფისის მიმართვა დაპატიმრების ორდერების გამოცემის თაობაზე კონკრეტულად უკავშირდება რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში, ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის უკანონო დაკავების, არაადამიანური მოპყრობის, მძევლად აყვანისა და შემდგომი უკანონო გადაადგილების ფაქტებს. სტრასბურგის სასამართლოს მსგავსად, ჰააგის სასამართლოს პროკურორიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

რაც შეეხება დაპატიმრების ორდერების აღსრულებას, რომის სტატუტის (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტის) ყველა წევრ- სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან პირის დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის კუთხით. ამ მიზნით საქართველო სრულად ითანამშრომლებს სასამართლოსთან, რათა დამნაშავე პირები წარსდგნენ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე.

"აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოებში ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით".  – წერია განცხადებაში.

გუშინ, 10 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის სამი ოსი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა. სმხედრო დანაშაულები, რომლებიც ბრალად ედებათ, დაკავშირებულია 2008 წლის აგვისტოს ომთან და ამ წლის 8-27 აგვისტოს შორის უნდა ყოფილიყო ჩადენილი. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს საქმესთან დაკავშირებული პირველი დაკავების ორდერებია.

კომენტარები